იუმორისტმა, ონისე ოქრიაშვილმა, რომელსაც დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკა დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, მასზე თავდასხმა ბოლო არ იყოს, თუმცა “ქართული კულტურა ბრძოლაში უკომპრომისო იქნება”.
“ნოდარ დუმბაძე, ალბათ, ძალიან იამაყებდა ამ საქციელით, რომ ოთხმა ადამიანმა ჩამქოლა ჩასაფრებით. მთელი დღე გარეთ ვიყავი და მაინც და მაინც შუა ღამეს, ჩამისაფრდნენ სახლთან და ჩამქოლეს. ეს ახალი არაა. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სხვა კომიკოსებს, ვისაც იგივე ჩასაფრება მოუწყეს “ქართული ოცნების” დაქირავებულმა “ტიტუშკებმა”. შეიძლება ჩემი შემთხვევა ბოლო არ იყოს და კიდევ გინმეს გაუსწორდნენ ასე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ქართული კულტურა, “სთენდაფი”, კინო, ლიტერატურა, უკომპრომისო იქნება ამ ბრძოლაში და გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებდით. გელოდებით ჩვენს “სთენდაფებზე”, რომ ამ ავბედითი ყოფიდან ყურადღება გადავიტანოთ და ვიცინოთ ხოლმე”,- განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა.
ცნონისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.“სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს”, – განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა.
