ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე ავტოკრატიული მმართველობის გაძლიერების მცდელობად აფასებს. მისი განცხადებით, ფეისბუქ-პოსტის გამო ჟურნალისტის პატიმრობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე დევნის ნაწილია.
ანდღულაძე სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიასა და ყველა დამოუკიდებელ მედიას, რომელიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოხატვის თავისუფლების გამო იდევნება.
ფეისბუქ პოსტის გამო ვახო სანაიას პატიმრობა არის მისი უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა და ზოგადად, ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის გამტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, რეპრესიული კანონებით ერჩიან, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, ამ ფონზეც კი მსგავსი უკანონობა არის სერიოზული ადმაიანის უფლებების დარღვევა. სრული სოლიდარობა ვახო სანაიას და ყველა დამოუკიდებელ მედიას, რომელსაც გამოხატვის თავისუფლების გამო “ქართული ოცნება” დევნის, – ამბობს მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
