ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას „ფორმულას“ დირექტორი მიხეილ მშვილდაძე ეხმაურება და გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევად აფასებს. მისი განცხადებით, ფეისბუქ-პოსტის გამო ადამიანის დაპატიმრება უპრეცედენტო ფაქტია და, მისი შეფასებით, ხელისუფლება ძალადობრივ მმართველობას აგრძელებს, თუმცა განსხვავებული აზრისა და კრიტიკის ჩახშობას ვერ შეძლებს.
გაუგონარი ამბავია ფეისბუქ პოსტის გამო ადამიანის დაპატიმრება, დაჯარიმებაც, მაგრამ ახლა დაპატიმრებამდე მოვედით. ეს არის გონდაკარგული ხელისუფლება, რომელიც მიჰყვება თავის ძალმომრეობის კურსს და მეტი არაფერი აინტერესებს, ტკბებიან ამ ძალადობით. ასე გაგრძელება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ადამიანები გავთავდებით. არ არსებობს არავითარი სიკეთე, რაც ამით მიიღწევა გარდა იმ რაღაცა წარმოსახვითი კომფორტისა, რომელიც ამათ თავშია, თვითონ ვინც უნდათ სცემონ, ვინც უნდათ აგინონ, რაც უნდათ, ის აგინონ და მათზე ცუდის თქმა არ შეიძლება. გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის თანდაყოფილი უფლებაც და ჩვევაც და არავინ დაბადებიდან არ იკავებს თავს თავისი აზრის გამოხატვაში, არ არის ეს ბუნებრივი და ეს, რაც ბუნებრივია, ყოველთვის დარჩება და იმუშავებს. ადამიანებს ყოველტვის გაუჩნდებათ, როცა გაბრაზდებიან ვიღაც დეპუტატზე და მთავრობაზე, მათი შეგინების სურვილი. ამ სურვილს ვერავინ გააქრობს, – ამბობს “ფორმულას” დირექტორი მიშა მშვილდაძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
