თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს – დღეს პროკურატურამ პროცესზე მიიტანა პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები და მტკიცებულებების ფარგლებში სხდომათა დარბაზში კითხულობს.
საჯარო განცხადებების კითხვა არსებული ინფორმაციით, 18:00 საათამდე გაგრძელდება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოში ახლა პოლიტიკური განცხადებების კრიმინალიზება ხდება.
ასევე როგორც “ტვ პირველს” ადვოკატებმა უთხრეს, ის რაც ბრალში ვერ ჩაწერა პროკურატურამ, თუ ვის გულისხმობდა “მტრულ სახელმწიფოში”, სასამართლოს სხდომათა დარბაზში გაცხადდა.
უფლებადამცველების თანახმად, სახელმწიფო ბრალდება მტრულ სახელმწიფოდ შეერთებულ შტატებს გულისხმობდა.
რაც შეეხება სხდომაზე მიტანილ პოლიტიკოსებსი საჯარო განცხადებებს, გიორგი ვაშაძის ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, უმეტესო განცხადბეები 2022-23 წლებშია გაკეთებული და არავითარი კავშირი არ აქვს 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარე მოვლენებთან.
“მტკიცებულებების სხვა დიდი ნაწილი, რომელსაც კითხულობენ, აქაც ცხადი და ერთმნიშვნელოვანია – თვითონვე ადასტურებენ, რომ შემხებლობაში არ არის უშუალოდ წარდგენილ ბრალთან. მაგალითისთვის, წაკითხული და გამოქვეყნებული იქნა გიორგი ვაშაძის ის სტატიები, რომლებიც რეალურად დათარიღებულია 2023 წლით და არავითარი კავშირი არ აქვს მაგალითად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარე მოვლენებთან.
გამოქვეყნებული და წაკითხულ იქნა განცხადებები, რომელიც გაკეთებულია სხვა დროს 2022-23 წლებში, სხვა კონტექსტში და სხვა შემთხვევაში. ერთ-ერთი განცხადება, რაც საგულისხმოდ და ნიშანდობლივად გვეჩვენა გახლდათ ის, რომ გამოქვეყნებულ იქნა ამონარიდი პირდაპირი სატელევიზიო ეთერიდან ტექსტუალური სახით, სადაც გიორგი ვაშაძე პოლიციელებს მოუწოდებს, შეწყვიტოს გინება აქციის მონაწილეების მიმართულებით. ამის წაკითხვა მოუწიათ თვითონ პროკურატურის წარმომადგენლებს.
მაგალითად, გუშინდელი დღის დიდი ნაწილი მიეძღვნა ტაკერ კარლსონის განცხადებების გამოქვეყნებას, რამდენად ცუდია “იუ ე სეიდი” რამდენად ცუდია “ნედი” და რამდენად ერეოდა “სი აი ეი” მათ საქმიანობაში, ან მათი მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით როგორ ატარებდა პოლიტიკას”, – აცხადებს ომარ ფურცელაძე.
