„ეს არის ხალხის ძარცვა კანონის სახელით,“ – ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე 2026 წლის პირველ ექვს თვეში ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში შესულ 297 მილიონ ლარს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, “ოცნების” ხელისუფლება მოქალაქეებს პრობლემების მოგვარების ნაცვლად ჯარიმებით დამატებით ტვირთს აკისრებს, ხოლო სახელმწიფო შემოსავალს მოსახლეობის ხარჯზე ზრდის.
სიორიძის შეფასებით, გაზრდილი ჯარიმები, პარკირების სანქციები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლი „ქართული ოცნების“ მმართველობის მოდელის ნაწილია, რომელიც, მისი თქმით, მოქალაქეების ინტერესების ნაცვლად ბიუჯეტის შევსებაზეა ორიენტირებული.
ამასთან, სიორიძემ სოლიდარობა გამოუცხადა ჟურნალისტ ვახო სანაიაც, რომელიც დღეს მოსამართელმ 14 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
2026 წლის პირველ ექვს თვეში ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 297 მილიონი ლარი შევიდა. ეს წინა წელთან შედარებით 70 %-ით მეტია. „ქართულმა ოცნებამ“ 297 მილიონი ლარი მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღო!
ეს არის ხალხის ძარცვა კანონის სახელით და „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის კიდევ ერთი „მიღწევა“ – ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს პრობლემებს კი არ უგვარებს, არამედ მათი პრობლემებიდან მილიონებს აკეთებს.
მხოლოდ 2026 წლის იანვარ-ივნისში, მარტო თბილისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 11 მილიონ 193 ათას 937 ლარი შევიდა. წინა წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 მილიონ ლარსაც კი ვერ აღწევდა – ზრდამ 95 პროცენტს გადააჭარბა!
ეს გახლავთ “ოცნების” დღევანდელი რეალობა: დაპირებული საპარკინგე ადგილების ნაცვლად გაზრდილი ჯარიმები; კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად კონტროლიორების მიერ გამოწერილი მილიონობით ჯარიმა.
მოქალაქეს არ აქვს ადეკვატური ალტერნატივა, ხოლო სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი პასუხი – გაზრდილი ჯარიმა.
ეს გახლავთ „ქართული ოცნების” მმართველობის მოდელი:
* ხალხს არ სთავაზობენ კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სამაგიეროდ ზრდიან ჯარიმებს;
* ხალხისთვის არ აშენებენ მუნიციპალურ პარკინგებს, ზრდიან სანქციების ოდენობას;
* არ უქმნიან ადამიანს უკეთესი ცხოვრების პირობებს – უფრო მეტ ფულს იღებენ მისი ჯიბიდან და ამ ყველაფერს კანონის სახელით აკეთებენ – ეს არის ხალხის ძარცვა კანონის სახელით! სანამ მოქალაქეებს მილიონობით ჯარიმებს უწერენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფუფუნებაში იხრჩობა, იზრდის საკუთარ ხელფასებსა და პრივილეგიებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1200 ლარამდე ხელფასს 170 ათასი ადამიანი იღებს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რეალურად, თვეში 300 -700 ლარის ოდენობის შემოსავლით ცდილობს ცხოვრების გატანას. საშუალო ხელფასი კი რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან მედიანური ხელფასი მას ათასი ლარით ჩამორჩება და თითქმის ნახევარია.
სახელმწიფო ვალდებულია, მოქალაქეებს პრობლემები მოუგვაროს და მისი პრობლემა საკუთარი შემოსავლის წყაროდ არ აქციოს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს დევნის და სჯის ჯარიმებით აქციაზე დგომის გამო, სოციალურ ქსელებში აზრის გამოხატვის გამო. ჯარიმებთან ერთად ადამიანებს აპატიმრებენ კიდევ განსხვავებული აზრისთვის.
სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს! სოლიდარობა ვახო სანაიას, რომელიც დღეს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ 14 დღით გაუშვა პატიმრობაში!
ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით ხალხის წინააღმდეგ შექმნილი სისტემა უნდა დაინგრეს! ხალხის ძარცვა კანონის სახელით ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!, – განაცხადა სიორიძემ.
