კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით ვაწერთ მონობას ხელს, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და ანახოს ხელისუფლებას, რომ ის არაფრის დათმობას არ აპირებს.
„პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა ვახო სანაიას, რომელიც გამორჩეულია საკუთარი შეუპოვრობით. სრული მხარდაჭერა მის ოჯახს. საგანგაშო, რაც დღეს ხდება, პირველ რიგში, არის ის, რომ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ცხადია, რომ მიდგნენ ტელევიზიებს, “ფორმულას”, “ტვ პირველს”, “კავკასიას” და ჟურნალისტებს უშუალოდ და ინდივიდუალურად.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იქნება ყველაზე საგანგაშო იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწერთ ხელს. სიტყვის შეზღუდვა არის ადამიანისა და საზოგადოების მკვლელობა. საგანგაშო იქნება, თუ ჩვენ ამას შევეგუებით.
სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან უსამართლოა, რომ ვახო იქნება ციხეში და დარწმუნებული ვარ, ის მხოლოდ იამაყებს ამით, ჩვენც ვიამაყებთ, მაგრამ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ და ვიმოქმედოთ, იმისთვის, რომ ვანახოთ, სიტყვის დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
