ამით ვისი ცხოვრება გახდება უკეთესი? პაპუაშვილო, ბოჟაძევ, 14 დღე მშვიდად დაიძინებთ? არ შეგეშინდებათ ვახო სანაიას იუმორის ? თუ რა ხდება? ამით რომ ვახოს ვერ გააჩუმებენ, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი სასამართლოს მიერ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.
როგორც ჯარიაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის მათ შორის ვახო სანაიაზე პერსონალური ანგარიშსწორება.
“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პერსონალური ანგარიშსწორებაცაა ვახო სანაიაზე და არის რა თქმა უნდა, შეტევა თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე, რომელიც ძალიან შეუპოვარია, რომლის გაჩუმებაც ვერ მოახერხა რეჟიმმა. განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ჯარიმა უმაღლესი ოდენობის იყო, 6 ათასი ლარი. ასევე, პატიმრობა 14 დღე. ვისაც ჯერ ილუზიები აქვს, რა ტიპის ქვეყანაში გვაცხოვრებს ოლიგარქის რეჟიმი, ვთხოვ, რომ დაფიქრდეს – შეიჭრნენ ადამიანის პირად სივრცეში, ხუმრობის გამო ადამიანს რეჟიმი ციხეში უშვებს. კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს. ამით ვისი ცხოვრება გახდება უკეთესი? პაპუაშვილო, ბოჟაძევ, 14 დღე მშვიდად დაიძინებთ? არ შეგეშინდებათ ვახო სანაიას იუმორის თუ რა ხდება? ამით რომ ვახოს ვერ გააჩუმებენ და იმ ადამიანებს, ვინც ბრძოლაში არიან უწყვეტად, ეს ხომ თავისთავად ცხადია. მათთვის სასურველ შედეგს რეჟიმი ვერ მიიღებს”, – განაცხადა ელისო ჯარიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
