რუსულ ქალაქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს – უკრაინულმა დრონებმა დღეს სამიზნეში რუსეთის უდიდესი ონლაინ-რითეილერის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები ამოიღეს. დარტყმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩაერთო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენიც.
აფეთქებები იყო კრასნოდარშიც. მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, დაშავდა 10 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
“არმავირში დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიას დაეცა, რის შედეგადაც ერთი თანამშრომელი დაიღუპა. კრასნოდარში საწყობის კომპლექსზე თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამი მძიმე მდგომარეობაშია. თავდასხმის და საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოები გრძელდება“, – დაწერა კონდრატიევმა სოციალურ ქსელში.
მოსკოვისა და ტამბოვის შემდეგ, სავაჭრო გიგანტზე განხორციელებული ეს სისტემური შეტევა მძიმე დარტყმაა კრემლისთვის: ზარალი იქნება მილიარდობით რუბლი, პარალიზდება შიდა ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი. Wildberries-ი რუსეთის შიდა ვაჭრობის ხერხემალია, იქ დღეში 20 მილიონზე მეტი შეკვეთა შედის.
