ორტეგამ განცხადება კონკრეტულად 1979 წლის რევოლუციის 47-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება პარლამენტთან ერთად იმუშავებს ახალ კანონებზე, რომლებიც “კედელს აღმართავს“ გადატრიალების მცდელობისა და “ქვეყნის მოღალატეების“ წინააღმდეგ.
“აქ არჩევნები აღარ ჩატარდება, რათა მათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვეღარ შეძლონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დანიელ ორტეგა ნიკარაგუას 2007 წლიდან მართავს. მისი მეუღლე, როსარიო მურილო, რომელიც ქვეყნის “თანაპრეზიდენტის“ სტატუსს ატარებს, ასევე ხელისუფლების სათავეშია. ანალიტიკოსების შეფასებით, ორტეგას ბოლო განცხადება ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს.
არჩევნებში ნიკარაგუაში 2027 წელს უნდა გაიმართოს. 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ რამდენიმე ოპოზიციური პარტია აკრძალა, ხოლო პრეზიდენტობის ყველა ძირითადი კანდიდატი დააპატიმრა.
გასულ წელს კი, ორტეგამ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლის შედეგადაც საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან ექვს წლამდე გაიზარდა. აშშ-ის ხელისუფლება ნიკარაგუის მმართველობას “მურილო-ორტეგას დიქტატურად“ მოიხსენიებს.
Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ნიკარაგუაში ამჟამად დაახლოებით 50 პოლიტიკური პატიმარია. ბოლო წლებში ხელისუფლებამ ასობით ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვა, დახურა 5 600-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, 29 უნივერსიტეტი და 58 მედიასაშუალება.
