თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 8 პოლიტიკოსის პროცესი გაიმართება. საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა უკვე დასრულდა, შესაბამისად დღევანდელ პროცესზე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, დღევანდელ სხდომას 8 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაესწრება. მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოში უკვე გადაიყვანეს.
იურისტების განმარტებით, დღესვე განისაზღვრება, თუ რამდენი სხდომა დასჭირდებათ მხარეებს მტკიცებულებების გამოსაკვლევად და შეთანხმდება გრაფიკი.
ადვოკატი ზვიად კორძაძე იმედოვნებს, რომ ზაფხულში ერთი კვირა მაინც მიეცემათ დასვენების საშუალება.
“განვსაზღვრავთ დარჩენილ ნაწილს იმიტომ, რომ მოწმეთა დაკითხვის ეტაპი მორჩა, ახლა დანარჩენი მტკიცებულებების გამოკვლევა მოგვიწევს ბრალდების მხარის. დაახლოებით ვიცით, რა დრო დაგვჭირდება და მაგის მიხედვით შეთანხმდება გრაფიკი, იმედია მოგვეცემა ზაფხულში დასვენების შესაძლებლობა ერთი კვირა მაინც. ჩვენ ადრე დავაყენეთ ეს საკითხი და თვითონაც [მოსამართლემ] განვსაზღვროთო, დღეს ველოდებით,” – ამბობს ზვიად კორძაძე.
უფლებადამცველის, ქეთევან ჩომახაშვილის განცხადებით, საქმეში ბრალდების მხარეს 47 ტომი აქვს წარმოდგენილი, მათ შორის არის დათვალიერების, ჩხრეკის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხრეკის ოქმები.
ამასთან საქმეში წარმოდგენილია სხვა აქციის მონაწილეების მიმართ ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმის მასალებიც.
“47 ტომი აქ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი, საქმის მასალები, არის უამრავი ოქმი, მათ შორის წარმოდგენილია სხვა აქციის მონაწილეების მიმართ ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმის მასალები. საქმის მასალების, მტკიცებულებათა წარდგენის მოცულობას და წარდგენას განსაზღვრავს ბრალდების მხარე, შესაბამისად მისი გადასაწყვეტია რა მტკიცებულებებს გამოიკვლევს დღეს, მათ შორის რა იქნება ის წერილობითი მტკიცებულებები, რომელსაც წაიკითხავს და გააცნობს სასამართლოს.
ოქმები – დათვალიერების ოქმები, ჩხრეკის ოქმები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხრეკის ოქმებია საქმის მასალებში წარმოდგენილი. წინასწარ წარმოდგენა არ მაქვს რა სახის მასალებს ამოარჩევს, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას…” – განაცხადა ქეთევან ჩომახაშილმა.
