კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კახეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. სხვა სიბრტყეში გულის მოოხება არ უშველის მაგას, პირიქით, კმაყოფილების სიმულაცია რეალობას გვაშორებს და სტატუსკვოს კიდევ უფრო ამყარებს. თუ არა და ვიყოთ ასე ცრუ განცდას ამოფარებულები, რომ სამშობლო დავიცავით” – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
