ვინც საღად აზროვნებს, არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობას ეხებოდა.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების წახალისება გარედან თავსმოხვეულია და ამ მიზნით გარკვეული ოდენობის თანხაც იხარჯება.
„თუ დავაკვირდებით ტენდენციას, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, დაპირისპირების მცდელობა, რევოლუციების მოწყობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, წახალისება გარედანაა თავსმოხვეული და წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც გარკვეულ შედეგებსაც დადებს.
„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა. სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეს, ვინმეს გაკეთებული საქმე შენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ამის გამო შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. გარკვეული დრო სჭირდება, შედეგი აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
