სოფიო სიგუა აფიქსირებს არაერთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც სცდება კერძო სივრცეს. იოსებ სიგუას მხრიდან არასდროს არ ჰქონდა ადგილი ძალადობის ფაქტს. ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არის მის მიერ [სოფიო სიგუას მიერ] სასამართლოში წარმოდგენილი. დღევანდელ მოსამზადებელ პროცესზე სოფიო სიგუას შეეძლო წარმოედგინა ამის მტკიცებულება, თუმცა ვერ წარმოადგინა. რომ არსებობდეს, წარმოადგენდა, – ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ადვოკატმა, თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელ მოსამზადებელ პროცესზე მხარეებმა წარადგინეს გარკვეული სახის მტკიცებულებები, მათ შორის, იოსებ სიგუას დაცვის მხრიდან წარდგენილია ათეულობით დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმას, რომ რაიმე სახის იძულებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი ხასიათის ქმედებებს იოსებ სიგუას მხრიდან ადგილი არ აქვს.
„პირიქით, წარდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იძულებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი ხასიათის ქმედებებს, რაზეც მიუთითებს მსხვერპლის სტატუსის მატარებელი, სოფიო სიგუა, ადგილი არ აქვს. წარდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უკავშირდება იოსებ სიგუას, ითხოვს მასთან ერთად დროის ერთი-ერთზე გატარებას, პირად სივრცეს ითხოვს, სხვადასხვა კერძო დაწესებულებებში ერთად გადაადგილებას. აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილია იმ მოტივით, რომ უარყოფილ იქნას სოფიო სიგუას მიერ დაფიქსირებული განმარტება, რომ თითქოს მას გააჩნდა გარკვეული შიშები იოსებ სიგუას მხრიდან. აღნიშნული მიმოწერები არის უახლოესი პერიოდის, უახლოესი ბოლო 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, როგორც კი დოკუმენტები წარვადგინეთ მისმა წარმომადგენელმა ითხოვა პროცესის გადადება. ფაქტობრივად, მოსამართლე მსჯელობდა უკვე პროცესის გადადების საკითხზე, როდესაც მოულოდნელად ქალბატონმა სიგუამ დააფიქსირა პოზიცია, რომ აღნიშნულ მიმოწერებთან დაკავშირებით იყო მხოლოდ და მხოლოდ იოსებ სიგუას ინტერპრეტაცია და არ სურდა პროცესის გადადება, მაშინ, როდესაც წარმომადგენელს სურდა, რომ მტკიცებულებები სრულყოფილად წაეკითხა“, – განაცხადა თეონა გვაზავამ.
ადვოკატის თქმით, მათი მხრიდან წარდგენილი იყო კონკრეტული სახის მტკიცებულებები და ითხოვდნენ, სასამართლოში დაეკითხათ პირები, რომლებიც წერილობით მტკიცებულებებზე მითითებით დაამტკიცებდნენ, რომ სოფიო სიგუა ბოლო პერიოდში ცდილობდა იოსებ სიგუასთან დაკავშირებას და მასთან პირისპირ შეხვედრას.
„აღნიშნული არ ემყარება მხოლოდ ზეპირ განმარტებებს, ის დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებითაც, რომ ეს ფაქტი ნამდვილად ასე იყო. სოფიო სიგუა წინააღმდეგი წავიდა, რათა სასამართლოს მოეწვია დარბაზში აღნიშნული პირები. მისი განმარტებით, საწყის ეტაპზე, ეს პირები არ ფლობდნენ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა შემდგომ შეცვალა პოზიცია და თქვა, რომ გარკვეული საკითხების მიზნით არც იყო გამორიცხული, რომ აღნიშნულ პირებს უკავშირდებოდა კიდეც. აღნიშნული პირები დაადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდში, 2026 წლის 21 თებერვლის შემდგომ იოსებ სიგუა არ ამყარებდა არანაირ კომუნიკაციას მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთან, რაც წინა პროცესზე თვითონ სოფიო სიგუამ დაადასტურა, რომ სიტყვიერ კომუნიკაციასაც კი არ ჰქონია მათი მხრიდან ადგილი. მოწმეები დაადასტურებენ იმას, რომ ადგილი ჰქონდა სოფიო სიგუას მხრიდან შეხვედრების ორგანიზებას“, – განაცხადა გვაზავამ.
მან ჟურნალისტებთან კითხვის საპასუხოდ ისაუბრა სოფიო სიგუას განცხადებაზე, რომლის მიხედვით მისმა ყოფილმა მეუღლემ, იოსებ სიგუამ მაისში ქონება გადაუფორმა მეგობარს, სასამართლოში მოწმედ გამოცხადებულ გიორგი გიორგაძეს.
„ეს არის სოფიო სიგუას ინტერპრეტაცია, რომ გადაფორმებული იყო უკანონოდ, თუმცა აღნიშნული საკითხი არ განიხილება ამ ეტაპისთვის. მისი განმარტება, რომ აღნიშნული პიროვნება სასამართლოში წარმოდგენილია იმისათვის, რომ გადაიფაროს ქონებრივი საკითხები, არის არასწორი. კონკრეტული პიროვნება სასამართლოში დაადასტურებს ფაქტს, რომ სოფიო სიგუას რაიმე სახის დაბრკოლება იოსებ სიგუას მხრიდან არ ექნებოდა“, – განაცხადა გვაზავამ.
შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.
