ბრიტანეთის მოქალაქე მეთიუ როი დესმონდსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა როი დესმონდი დამნაშავედ ცნო და 100 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასევე, მიესაჯა საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 20 წლის ვადით. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული დესმონდი ამავე დარბაზში ჩაბარდა საიმიგრაციო სამსახურს. ინფორმაციას გამოცემა ნეტგაზეთი ავრცელებს.
ბრიტანეთის მოქალაქე ომის ვეტერანი საქართველოში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის გამო დააკავეს და ნარკოდანაშაულის მუხლით წაუყენეს ბრალდება. ოფიციალური ინფორმაციით, მეთიუ როი დესმონდის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება 5,8484 გრამი პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა აღმოუჩინეს.
ადვოკატების განცხადებით, ომის ვეტერანს ექიმის დამოწმებული დანიშნულება ჰქონდა ყველა იმ მედიკამენტზე, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა და რაც საქართველოში არალეგალურად ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანად ჩაეთვალა. თუმცა პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ეს რეცეპტები თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული არ ყოფილა. მეთიუ როი დესმონდს ხერხემლის ტრავმა აქვს. მეთიუ როი დესმონდი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა და 3 თვე გლდანის ციხეში გაატარა.
