„მე არ მიყვარს აპოკალიფსური სცენარების დაწერა და მოსახლეობის დაზაფვრა, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ – ბუნების მხრიდან პროცესი დაძრული და აჩქარებულია, ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ”, – ამის შესახებ გეოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა არჩილ მაღალაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მანვე გადაცემაში თელავიის სტიქიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი წლების წინ იყო ნავარაუდევი.
შეგახსენებთ, რომ თელავში უხვი ნალექის შედეგად, 12 ივლისს თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ქუჩების ნაწილიც დატბორა. შედეგად კი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სავარგულების დიდი ნაწილი გაუნადგურდა მოსახლეობას.
„სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო ნავარაუდევი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ არა მარტო წყალდიდობებისთვის, ღვარცოფული ნაკადებისთვის, არამედ გვალვებისთვისაც. ახლა უკვე ზაფხულში მოსალოდნელია გვალვების დადგომა.
საქმე იმაშია, რომ ყოველი ასეთი კატასტროფა იწვევს ნაყოფიერი ფენის ჩარეცხვას, რაც საერთო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ ისედაც მცირემიწიანი ქვეყანა, შეიძლება, სავარგულების გარეშე დავრჩეთ.
აქედან გამომდინარე, საჭიროა აუცილებლად შემაკავებელი ნაგებობების მშენებლობა, წყლის მართვის ახალი ტექნოლოგიების შემუშავება, წყლის დაგროვება და ა.შ.
იმისთვის, რომ ავიცილოთ ასეთი მძლავრი ნაკადები, რომლებიც განმეორდება. მე არ მიყვარს აპოკალიფსური სცენარების დაწერა და მოსახლეობის დაზაფვრა, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ.
ამისთვის ცალკე წყლის მართვის პროგრამებია შესამუშავებელი, წყალსაცავების ახლებურად მართვა უნდა განვახორციელოთ, ახალი წყალსაცავების მშენებლობა უნდა განვახორციელოთ და ა.შ.
ეს არის მთელი რიგი რთული კომპლექსი, მრავალფაქტორიანია, სხვადასხვა ღონისძიებისგან შედგება და რაც მთავარია, ეს ღონისძიებები არა მარტო ცალკეული სამინისტროების მიერ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ საჭიროა ერთიანი კოორდინაცია.
ერთიანი პოლიტიკის ქვეშ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, სადაც შევა განათლება, ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო სტანდარტები და ა.შ.“, — განაცხადა არჩილ მაღალაშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, თუ საიდან უნდა დაიწყოს მომავალში სტიქიური რისკებისგან თავის დაზღვევის მიზნით საპრევენციო სამუშაოები – გეოლოგი პასუხობს:
„პირველ რიგში, ასეთ ვითარებაში, ალბათ, გარკვეული ბრძანებულება უნდა იყოს გამოცემული, რომელიც შეეხება მთელ რიგ სამინისტროებს, სააგენტოებს, რომლითაც დაევალებათ მათივე კომპეტენციის ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებების გატარება.
ვისაც ეხება სტანდარტებზე მუშაობა და ახალი სტანდარტების შემუშავება, უნდა დაევალოს ამის გაკეთება, ვისაც ეხება ინფრასტრუქტურის გამართვა – უნდა დაევალოს ამის გაკეთება, ვისაც ეხება ზარალის დათვლა – უნდა დაევალოს ამის გაკეთება და ა.შ.
ეს არის კომპლექსური მიდგომა. აქ ცალკეული ღონისძიებებით და კომპენსაციებით ვერ შემოვიფარგლებით. პროცესი დაძრულია, ბუნების მხრიდან აჩქარებულია, შესაბამისად, ჩვენც ასევე უნდა ვიმოქმედოთ,” – განაცხადა მაღალაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.
