“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი ქვეყანაში გაზრდილ ავტოსაგზაო შემთხვევებზე საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო გამოწვევებს „ადეკვატურად პასუხობს“ და პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების თვითშეგნების ამაღლების საჭიროებას უსვამს ხაზს.
“სახელმწიფო არის ძალიან ადეკვატური ყველა იმ გამოწვევის მიმართ, რომელიც ქვეყანაშია. ასევე ავტოსატრანსპორტო შემთხვევებთან მიმართებით, საგზაო წესების კიდევ უფრო სრულყოფასთან მიმართებით. ნებისმიერ გამოწვევას ჩვენი ხელისუფლება პასუხობს ჯეროვნად და ადეკვატურად. შეგნებულად იმ სცენარის დახატვა, თითქოს აქ რაღაც განსაკუთრებული ხდება, რა თქმა უნდა, არ ივარგებს. ეს არის საგზაო შემთხვევები და პირველ რიგში, თვითშეგნების დონე უნდა ამაღლდეს ჩვენი საზოგადოების” [ტვ პირველი] – თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მათიკაშვილმა. ჟურნალისტებმა დღეს მას გაზრდილ ავტოსაგაზო შემთხვევებსა და ავარიებისგან გამოწვეულ სიკვდილიანობაზე დაუსვეს კითხვა.
