რა კითხვა უნდა დამესვა [ვატო შაქარიშვილისთვის]? – მე რაც მოგიყევით, იმას რომ ამბობს ადამიანი, ჩემი აზრით, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევია რა სჭირს. რა უნდა ვკითხო: მართლა გჯერა ვატო ამ ბოდვისთქო? ამას ხომ არ ვკითხავ? – ამის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმეში ბრალდებულმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ე.წ. „ნეიტრალური საქართველოს“ ხალხი ყვება, რომ არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ პოლიტიკოსები, მედიაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსთაველზე ვინც დგას და ზოგადად, ეს არის გაშლილი ქსელი. ამბობენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც რუსთაველზე ხდებოდა ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ამას USAID-ის გავლით აკეთებდა და რომ ეს ფული ჩვენთან მოდიოდა და ჩვენ ვაფინანსებდით.
მტკიცებულებები არის, რომ „ილონ მასკმა თქვა, რომ USAID-ი ცუდ რაღაცებს აკეთებდა“ და ეს არის მტკიცებულება… დავაკონკრეტებინე, რომ იმას ამბობ, რომ აქ გადატრიალებას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო აწყობდათქო? და კიო.
მართლა არ ვიცი [რას ემსახურებიან]. აქ ხომ ფორმატი არ არის, რომ პროკურორს ჰკითხო: „ესენი რასაც ბოდავენ, ბრალის ნაწილია და მაგიტომ ვსხედვართ?“ ამ კითხვას გასმევინებენ კი არა მოსამართლე ჩაქუჩს იქნევს… ჩემს გარდა ყველამ მგონი 2-2 შენიშვნა მიიღო.
რა კითხვა უნდა დამესვა [ვატო შაქარიშვილისთვის]? ამას რომ ჰყვება ადამიანი, რაც მე გითხარით, რა კითხვა უნდა დავუსვა? მე რაც მოგიყევით, იმას რომ ამბობს ადამიანი, ჩემი აზრით, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევია რა სჭირს. რა უნდა ვკითხო: მართლა გჯერა ვატო ამ ბოდვისთქო? ამას ხომ არ ვკითხავ?“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, ეს საქმე „ჩვეულებრივი ბოდვაა“, თუმცა პროკურორებმა და მოსამართლემ საქმის განხილვის ამ ეტაპზეც იციან რა შედეგით დასრულდება ის.
„ფიქრობთ, რომ პროკურორებმა და მოსამართლემ არ იციან განაჩენი რა იქნება? ყველამ იცის… მეტსაც გეტყვით – შეიძლება ახლა არ იცოდეს კონკრეტულად რა უნდა დაწეროს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ რაღაც მომენტში ეტყვიან და რასაც ეტყვიან იმას დაწერს. პირველად და მეორედ ხომ არ აკეთებენ? ჯერ რა საბოტაჟი? ჩვეულებრივი ბოდვაა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
