ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მისი პოზიცია პოლიტიკური შეფასებაა, ხოლო აღნიშნულ საქმეს სამართლებრივ შეფასებას სასამართლო მისცემს.
„პოლიტიკური კვალიფიკაცია ძალიან ცხადია – ეს ადამიანები მთელი მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული. ამას ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში.
რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ, შესაბამისად, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საქართველოში არჩევნები არ ტარდება და ქვეყანას უნდა დაბრუნება.
„მე მგონი მას [მიხეილ სააკაშვილს] თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და ეს ყველასთვის ცხადია.
„აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია წლების განმავლობაში 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები დარჩა, რა თქმა უნდა, ცარიელ განცხადებებად და ასე გაგრძელდება მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ეს, მე მგონი, ყველასთვის სრულიად ცხადია“.- განაცხადა კობახიძემ.
