“ეს იმისთვის იყო გაკეთებული ჩემი მხრიდან, რომ ჭკუა ისწავლონ და ის თანხა, რომელიც გამოყვეს ამ თანხას ჩავდებ, ფონდი უნდა დავაარსოთ, რომელიც მედიატერორისგან დაიცავს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, ვისაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი თავი დაიცვას ისე, როგორც ამ შემთხვევაში მე მაქვს“ – თქვა ხაინდრავამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა.
ხაინდრავას სარჩელის საფუძველზე პროკურატურამ TV ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიება 16 ივნისს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე ცრუ დასმენის ბრალდებით აღიძრა. ხაინდრავა ტელეკომპანიას მის წინააღმდეგ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ფორმულას ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, კინორეჟისორი საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობას ახორციელებდა და ქრთამის სანაცვლოდ 2 000 ადამიანის შემოყვანაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც, ოთხი მილიონი დოლარი მიიღო.
