რა მდგომარეობაა თელავში სტიქიის მეორე დღეს? – “ტვ პირველის” გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილს, სასმელი წყალი, ელექტროენერგია და გაზმომარაგება ამ დრომდე არ მიეწოდება.
ქუჩების ნაწილი სრულად გაწმენდილი ამ ეტაპისთვის არ არის.
ადგილობრივების თქმით, ზარალი შესაძლოა, ათეულობით ათასი ლარი იყოს. განადგურებულია ვენახი, რომელიც კახელების დიდი ნაწილისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.
რამდენიმე საათის წინ, ძლიერმა წვიმამ თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოიყვანა, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და სამედიცინო დაწესებულებები, დაზიანდა ავტომობილები, ხოლო ადიდებულმა წყალმა ქუჩები ქვა-ღორღით დაფარა და ხეები მოგლიჯა. ქალაქის დიდ ნაწილს ამ დრომდე ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
ამის პარალელურად, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თელავში სტიქიის პირველადი შეფასება გამოაქვეყნა.
სპეციალისტების შეფასებით, პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.
