„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, პარტიის ლიდერებთან ერთად, გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ირაკლი კუპრაძე, გიორგი სიორიძე, ვატო სურგულაძე და ვაჟა დარჩია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
მოსახლეობის განცხადებით, სოფლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წლების განმავლობაში მოუგვარებელი საგზაო ინფრასტრუქტურაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზამთრის პერიოდში უამინდობის გამო სოფელი ხშირად გარესამყაროს წყდება, გადაადგილება კი პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. მათივე თქმით, სოფელში მწვავედ დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაც, რაც როგორც ყოველდღიურ გადაადგილებას, ისე სამედიცინო და სხვა აუცილებელი სერვისების მიღებას ართულებს.
შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა სოფლის მეურნეობაში არსებული მძიმე ვითარება და დაუთესავი სიმინდის ყანები იყო.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო რამდენიმე წელია მიწის ნაწილი დაუმუშავებელი რჩება, რადგან სიმინდის მოყვანა ეკონომიკურად აღარ არის მომგებიანი. მათი თქმით, საწვავის გაძვირებამ, მიწის დამუშავებისა და მუშახელის გაზრდილმა ხარჯებმა სიმინდის წარმოება არარენტაბელური გახადა.
მოსახლეობის შეფასებით, გაზაფხულზე საჭირო ხარჯების გაწევას ვეღარ ახერხებენ, ხოლო მიღებული მოსავალი ხშირად ვერც გაწეულ დანახარჯს ფარავს, მოგებაზე კი საუბარიც აღარ არის.
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერების განცხადებით, რეგიონებში მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსახლეობის პრობლემების უშუალოდ ადგილზე გაცნობა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობაა.
