მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ალეკო ელისაშვილს საბოლოო სიტყვის უფლება არ მისცა. ელისაშვილი რამდენიმე პროცესის წინ სხდომებიდან გააძევეს. ელისაშვილს დღეს მხოლოდ განაჩენს მოასმენინებენ. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე დღეს სავარაუდოდ გადაწყვეტილება გამოცხადდება. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.
“მოლოდინი გვქონდა, რომ მიეცემოდა მას საშუალება საბოლოო სიტყვით მიემართა სასამართლოსათვის, თუმცა წინა სხდომაზე მოსამართლემ გამოგვიცხადა, რომ გაძევებულ პირს მხოლოდ განაჩენის მოსმენა შეუძლია. შესაბამისად, საბოლოო სიტყვის უფლებასაც კი არ მისცემს” [ფორმულა] – თქვა ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა. მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი კიდევ ერთ ეპიზოდზე წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ელისაშვილმა მანამდე, 2025 წლის 4 მაისსაც სცადა თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივისა და ფასადის დაწვა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით [ტერორისტული აქტის მცდელობა] მიმდინარეობს, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
