თბილისში 11 წლის წინ მოკლული გიორგი კავარცხელიას ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მკვლელობის საქმეზე არაერთი მტკიცებულება იქნა განადგურებული.
გიორგი ბარდაველიძის თქმით, ამ 11 წლის განმავლობაში გარკვეული პერიოდი დავით დეკანოსიძის მსგავსად მიმალვაში იყო თორნიკე კაჭარავაც, თუმცა მას შემდეგ რაც “საქმე დაალაგა” საქართველოში ჩამოვიდა.
უფლებადამცველის თქმით, კაჭარავა, რომელიც ახლა სასჯელს ციხეში სხვა დანაშაულის გამო იხდის, მაშინ ქვეყანაში დაბრუნებას ისე ვერ გაბედავდა გარკვეული პირების მხრიდან თავისუფლების გარანტიები რომ არ ჰქონოდა.
რაც შეეხება დავით დეკანოსიძეს, ბარდაველიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, მკვლელობის საქმის ფიგურნატმა ქვეყანა გამოძიების ხელახალი დაწყების შემდეგ დატოვა თუ მანამდე.
“ბევრი მამხილებელი მტკიცებულება იყო, რაც ამხელდა გარკვეულ პირებს დანაშაულის ჩადენაში, თუმცაღა გარკვეულ პირთა დახმარების და ზეგავლენების შედეგად, აღნიშნული დანაშაული იყო გაუხსნელი და იყო თაროზე შემოდებული. არაერთი მტკიცებულება იქნა განადგურებული. დავით დეკანოსიძე არის მიმალვაში – არვიცი ოღონდ, სანამ განახლდებოდა გამოძიება, მანამდე დატოვა მან ტერიტორია თუ მას შემდეგ. ასე იყო თავის დროზე კაჭარავაც მიმალვაში და როცა უკვე დალაგდა საქმე, შემდგომ ჩამოვიდა და გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. იგი ვერ გაბედავდა ჩამოსვლას, რომ არ ჰქონოდა იმის წინაპირობა იმ პირების მხრიდან, ვინც ეს საქმე დაულაგა, რომ მისთვის არ იქნებოდა წარდგენილი ბრალი და იგი შესაბამისად გააგრძელებდა თავისუფლებას ცხოვრებას და გადაადგილებას საქართველოში. დღეის მდგომარეობით, ეს მოცემულობა უკვე აღმოფხვრილია. თორნიკე კაჭარავა არის პენიტენციურ დაწესებულებაში”, – აცახდებს ადვოკტი გიორგი ბარდაველიძე.
პროკურატურამ 11 წლის წინ მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა – როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინებათ დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას.
გამოძებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ გიორგი კვარაცხელიას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო 21 წლის ბიჭზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.
საქმის მასალების მიხედვით, 2015 წელს ორივე დეკანოსიძე და კაჭარავა უკანონოდ შეძენილი იარაღებით გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მივიდნენ და მაშინ როცა გიორგი კვარაცხელია ქუჩაში იმყოფებოდა, მის მიმართ მრავლობითი გასროლა განახორციელეს.
პროკურატურის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას ბრალი წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად და მასზე ძებნა გამოცხადდება. ორივე მათგანს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ორი თვსი წინ “შაბათის ეთერმა” მოამზადა. ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის მოკლული 21 წლის გიორგი კვარაცხელიას დედამ, ინგა კვარაცხელიამ უამბო, როგორ უყურა შვილის მკვლელობას სამზარეულოდან. დედა ამბობდა, რომ ამოიცნო შეიარაღებული თავდამსხმელები, რომელბმაც ახალგაზრდას ორი სხვადასხვა იარაღიდან 17-ჯერ ესროლეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ.
