გოგა ხაინდრავას მიმართვის საფუძველზე, “ფორმულას” წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში “შაბათის ფორმულას” ოპერატორი, მიშო მარტაშვილი იკითხება.
ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილის განცხადებით, ოპერატორს წყაროსთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს და ის მხოლოდ ტექნიკურად უზრუნველყოფდა ვიდეორეპორტაჟის გადაღებას.
“ოპერატორს არანაირი ინფორმაცია წყაროსთან დაკავშირებით არ აქვს. ის ტექნიკურად უზრუნველყოფდა ვიდეო-რეპორტაჟის გადაღებას, ჩვენ ეს ვუთხარით, მე და ნატუკა ლომაძემ გამოკითხვის დროს, თუმცა პროკურატურამ მაინც ისურვა, რომ ის გამოეკითხა, ცხადია ჩვენ წინააღმდეგობაში ვერ მოვალთ მათ სურვილებთან.
ინტერესს მე ვერ გამოვიცნობ, მაგრამ საზოგადოება ძალიან გონიერია და აქვს უნარი გამოიცნოს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ცრუ დასმენის ფაქტზე, რომელსაც იძიებს პროკურატურა სისხლისსამართლებრივად.
პრინციპში ყველა გამოვიკითხეთ, მეც, რეპორტაჟის ავტორიც, რეპორტაჟის თანაავტორი, ოპერატორი მიშო მარტაშვილი ახლა შევა პროკურატურაში, მეტი არ ვიცი ვინ შეიძლება დაკითხონ, ალბათ არც არავინ და ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ პროკურატურა მალე გააკეთებს განცხადებას და იტყვის, რომ ეს სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
ცხადია, დიდი ხიჭვია, რომლის გამoძრობაც რთულია რიგი მიზეზების გამო,მაგრამ აქვე მოვიშველიებ ქართულ ენას, მგლის შიშით არასდროს არ წყდება ცხვარი,” – განაცხადა დავით ქაშიაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო. გვარაკიძის უწყებას კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიმართა. ის ამტკიცებს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა იცრუეს, როცა ტელეკომპანიაში ხაინდრავას მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე გააჟღერეს ინფორმაცია.
პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის ფაქტზე დაიწყო. ირკვევა, რომ გამოკითხულია თავად გოგა ხაინდრავაც.
საქმეზე დაიკითხა ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილიც.
