საკადრო წმენდა გორის მერიაში – ირკვევა, რომ რეორგანიზაციის სახელით უწყებიდან 50-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს. სრულად გაუქმებულია სპორტის დეპარტამენტი. მერიის გადაწყვეტილებას თანხმობა მისცა საკრებულომ, ამიტომ სხდომის დასრულების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში.
გორის მერიის თანამშრომელმა, თეა კეჩხუაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს, მარლენ ნადირაძეს უთხრა, რომ მისი უკანონო გათავისუფლებით, “მარტოხელა დედის ცოდვა დაიდო”.
კეჩხუაშვილი ახლა სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.
“არ იკითხეთ, ერთ საათში რომ გააკეთეთ და სამი კომისია გაიარა, ვინ დარჩა სამსახურის გარეშე? ვინ მარტოხელა დედა გაუშვეს, ვინ მსოფლიო ჩემპიონი გაუშვეს? ინტერესთა კონფლიქტში მხილებულს რომ დააკისრეთ დელეგირებული მოვალეობები, ეს არ იკითხეთ? ვის და ვასილ ბალახაძეს? თქვენ ხართ დისკრიმინატორი და თქვენ არასწორად მოიქცეთ – ჩაბარდეს თქვენი დადგენილება და უნდა გიჩივლოთ. არ გეგონოთ, რომ ხელშეუხებელი ხართ. უნდა გამოგეჩინათ სამართლიანობა და უნდა გეკითხათ, ვის უშვებთ? დავით ხმედაშვილმა ორსული გამომიშვა და კონსტანტინე ბუზალაძე მარტოხელა დედას მიშვებს. თქვენ დაიდეთ ჩემი შვილის ცოდვა, თქვენ და ბატონ კოტესაც მოგეკითხებათ ეს ცოდვა” – უთრა თეა კეჩხუაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს.
გათავისუფლებული თანამშრომლის თქმით, სპორტის ქალაქში სპორტის განყოფილების გაუქმების გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს.
“გუშინ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ სპორტულ ქალაქში სპორტის განყოფილება გააუქმეს და შეუთავსეს ვასილ ბალახაძეს, რომელიც აქვე მუშაობს უკანონოდ – ეს ყველაფერი აუდიტშია გაგზავნილი და ანტიკორუფციულშიც გაიგზავნება”, – აცხადებს გათავისულფებული თანამშრომელი.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე, შტატების შემცირების მიზეზად ფინანსების ოპტიმიზაციას ასახელებს. მარლენ ნადირაძის თქმით, გამოთავისუფლებული თანხები, ახლა სხვა მიმართულებით დაიხარჯება.
“რეორგანიზაცია შტატების ოპტიმიზაციას ეხება – ხარჯვითი ნაწილის შემცირება და შესაბამისად, გამოთავისუფლებული თანხების სხვა მიმართულებით მიმართვას. რეორგანიზაციის პროცესში გამოიკვეთა, თუ სად იყო შესაძლებელი, რომ შტატი შემცირებულიყო” – ამბობს მარლენ ნადირაძე.
