პირველად ისტორიაში საქართველო არც ერთ იმ ფორმატში მიწვეული არ არის, სადაც ჩვენი რეგიონის, შავი ზღვის აუზის და და ჩვენი სახელმწიფოს ბედი განიხილება – ჩვენ არა ვართ არც ერთ მაგიდასთან, სადაც ამ ქვეყნისა და რეგიონის სტრატეგიული მომავალი განიხილება, – ასე ეხმაურება “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტს.
გეგელიას შეფასებით, ეს არის სრული კატასტროფა და “ქოცური“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.
“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და ძალიან საზარალო არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად, რადგან როდესაც შენ არც ერთ მაგიდასთან აღარ გხედავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ ხარ ინტერესის სფერო და გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. ეს პირდაპირ აისახება პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ყველაფერზე, რაც ადამიანს ქვეყანაში ადარდებს – არის ეს სტაბილურობა, განვითარება თუ ფასები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
დღეს და ხვალ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) 36-ე სამიტს მასპინძლობს. ანკარაში 32 წევრი ქვეყნის ლიდერები არიან შეკრებილი, მათ შორის თურქეთის დედაქალაქში ჩავიდა დონალდ ტრამპი.
დღეს დაგეგმილ ვახშამს ნატო-ს ლიდერებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდებიან.
მედიის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე ისაუბრებენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან კაია კალასთან. ნატო-ს თავდაცვის მინისტრები კი მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრალიელ, იაპონელ, ახალ ზელანდიელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან.
ნატო-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერები სამიტზე სამ ძირითად თემას განიხილავენ: ინვესტიციებს თავდაცვაში, თავდაცვითი წარმოების გაზრდასა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს.
ნატოს ანკარის სამიტზე საქართველო მიწვეული არ არის.
