საბერძნეთში, მესინიის რეგიონის სოფელ იალოვაში, 6 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის აუზში დაიხრჩო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც იმავე სახლში დამლაგებლად მუშაობდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გავრცელებული ცნობებით, ალბანელი ქალი ზედა სართულზე დასუფთავების სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ბავშვი მისი ყურადღების მიღმა დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, ბიჭს ფეხი დაუცდა და აუზში ჩავარდა, რაც თავდაპირველად ვერავინ შენიშნა.
ცოტა ხნის შემდეგ დედამ ბავშვი აუზში უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა რეანიმაციული ღონისძიებები დაიწყეს და ბავშვი პილოსის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმებისა და მაშველების მცდელობის მიუხედავად, ექვსი წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვის დედა, რომელიც დააკავეს, შოკურ მდგომარეობაშია.
მედიის ინფორმაციით, 33 წლის დედა გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, რომელმაც ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.
გავრცელებული ცნობებით, ქალი ბოლო სამი წელია განქორწინებული იყო და შვილთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, 6 წლის ბიჭი მისი ერთადერთი შვილი იყო.
ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, აღნიშნავენ, რომ იგი შვილთან ძალიან ახლოს იყო, უზომოდ უყვარდა და მასზე ზრუნავდა.
