ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი აცხადებს, რომ როცა საქართველოში ხალხის “80% ევროკავშირის მომხრეა და ამ პროცესს მთავრობა აჩერებს, მარტივია პასუხი, სად არის გამოსავალი”.
ეს პასუხი გასცა ევროპელმა პოლიტიკოსმა დღეს ვენაში, “ალდეს” ყრილობაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტს – რუსუდან დუმბაძემ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის პერსპექტივას და სად არის გამოსავალი.
ჟურნალისტი რუსუდან დუმბაძე: როგორც ბოლო გამოკითხვებით ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების თითქმის 80 პროცენტი ევროინტეგრაციის მხარდამჭერია, თუმცა პროცესი შეჩერებულია და ამას აქვს მიზეზები. როგორც აფასებთ არსებულ სიტუაციას? როგორ ხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის პერსპექტივას, რადგან მთავრობა დიალოგის მომხრეა კომპრომისის გარეშე, სად არის გამოსავალი
ესტონეთის პრემიერი: როცა ხალხის 80 პროცენტი ევროკავშირის მომხრეა და ამ პროცესს მთავრობა აჩერებს, მარტივია პასუხი სად არის გამოსავალი. კითხვა შემდეგში მდგომარეობს – რა არის შესაძლებელი-ხალხის შეცვლა თუ მთავრობის? ვფიქრობ, ეს არის ჩემი პასუხი.
“ალდეს” ყრილობის მეორე დღე ვენაში – დელეგატები საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან. დოკუმენტი უკვე მზად არის.
სამუშაო დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა – ერთის მხრივ შეფასებულია საქართველოში არსებული ვითარება და მეორეს, მხრივ, “ალდე” აყალიბებს, თუ სად არის გამოსავალი.
პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხა სახელმწიფოებიდან არიან, თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავს – დოკუმენტის სათაურშივეა გამოტანილი” რუსეთისკენ მიმავალი გზა, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება”.
მეორეს მხრივ ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ერთიანი და მკაფიო პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს”ივანშვილის რეჟიმის” წინააღმდეგ” .
ვენაში, ალდეს ყრილობაზე მყოფი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკური ჯგუფი ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის შესახებ ისეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეიძლება იყოს.
დოკუმენტში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ალდე და ევროკავშირი უნდა დაუპირისპირდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოს ხალხისთვის, რადგან მათი თქმით, დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელია მხოლოდ “ქართული ოცნება”.
და ამ დოკუმენტით მოთხოვნილია, რომ პასუხისმგებელ პირებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს მიზნობირივი, ფინანსური სანქციები დაუწესდეთ.
