პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და მასთან ერთად მსჯავრდებულ პირებთან მიმართებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განხილვა არ მიმდინარეობს.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის საჭიროა დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურება, დღეის მდგომარეობით კი ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა.
„როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, დღესაც არის იგივე მოცემულობა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. რაიმე ცვლილება არ მომხდარა, მათ შორის ჩვენი მხრიდან რაიმე პირობა არ არის შეთავაზებული და ამ ეტაპზე, არ მიმდინარეობს მსგავსი საკითხის განხილვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ უარი ეთქვათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მათ შორის იმ პირობების გათვალისწინებითაც, რომ ის, რაც საპროცესო შეთანხმებისთვისაც არის აუცილებელი – აღიარება, ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა. დღეის მდგომარეობით, ამ კუთხითაც არაფერი შეცვლილა. როგორც წესი, პირობების შეთავაზება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ხდება ბრალდების მხრიდან და არა დაცვის მხრიდან და შემდგომში დაცვის მხარე გამოხატავს ან უარს ამბობს ამ პირობებზე. მოცემულ შემთხვევაში, რაიმე მსგავსი არ განიხილება.
დღეს არ არის ზიანი ანაზღაურებული, არც მსჯავრდებულის მხრიდან აღიარება არ მომხდარა. თუ შესრულდება ეს პირობები და ისინი კვლავ მოგვმართავენ, რა თქმა უნდა, განიხილავს საქართველოს პროკურატურა მათ განცხადებებს. გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ვერ გაცნობეთ, ვგულისხმობ, საერთოდ იქნება, თუ არა გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და თუ იქნება, რა პირობებზე, რა თქმა უნდა, ახლა ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა – ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, გიორგი ხაინდრავას 8 წლით და ვასილ მხეიძეს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მას საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობას.
ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182- მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
