ბათუმის ბულვარის რეაბილიტაცია/მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 5.5-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა – ინფორმაციას Bpn. ge სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ წინადადებების მიღება 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება. მათივე ცნობით, შესყიდვის პირობების თანახმად, პრეტენდენტების წინადადებები ხარისხისა და ფასის კრიტერიუმებით შეფასდება. საკონკურსო წინადადების ხარისხის ხვედრითი წილი 80%-ია, ხოლო ფასის – 20%.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ განმარტებითი ბარათი, რომელიც მოიცავს ტერიტორიის წინასაპროექტო შეფასებას ვიზუალური დათვალიერების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ინფორმაცია ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების, საინჟინრო კომუნიკაციების, მცენარეული საფარის, ასევე საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების შესაძლო საფრთხეების შესახებ.
