კახა კალაძე მთაწმინდის ფერდზე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო და ნერგები დარგო – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და წერს, რომ კალაძე იქ საკუთარ მოადგილე ანდრია ბასილაიასა და ფონდ „ქართუს“ დირექტორ ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად იმყოფებოდა.
„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს. წლების წინ აღნიშნულ ფერდზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ფილტვებია, ხე-მცენარეებმა ხმობა დაიწყო და მას მოწესრიგება სჭირდებოდა. ტერიტორია ძალიან დიდია, 700 ჰექტარზეა საუბარი. ფერდზე წლების წინ არსებული სარწყავი სისტემა 1990-იან წლებში მთლიანად განადგურებული, გაუბედურებული იყო, რომლისგან არაფერია დარჩენილი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სარწყავი სისტემა მოწესრიგებულია, გაკეთებულია შესაბამისი ავზები და ტერიტორია წყლით მარაგდება. აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს, რა სილამაზეა და რა გაკეთდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს იმიტომ, რომ ქალაქისთვის მსგავსი პროექტის განხორციელება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 მლნ ლარია დახარჯული სამუშაოების განხორციელებისთვის“ – თქვა კალაძემ.
