საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და მის თანმხლებ კათოლიკე სასულიერო პირებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.
„შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ეპისკოპოსმა ჯუზეპემ მის უწმინდესობას და უნეტარესობას მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება და გამოხატა მზაობა ორ ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისა.
კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და გაიხსენა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს თბილი დამოკიდებულება ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ზნეობრივი ღირებულებებისა და ოჯახის პატივისცემის თაობაზე, ასევე ბიოეთიკის პრობლემებსა და თანამედროვე გამოწვევებზე, მშვიდობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ხაზი გაუსვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, რომელიც წელს აღინიშნება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
