4 ოქტომბერს საქმეზე დაკავებული, მანუჩარ მიქელაძე, რომელმაც საპროცესო გარიგებაზე უარი თქვა, ციხიდან წერილს აქვეყნებს.
“ჩემი აქ ყოფნა სანერვიულო არ არის, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია, რომელიც უკვე დიდი საფრთხის წინაშეა”- წერს დაკავებული, რომელსაც მოსამართლემ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პატიმარი მადლობას უხდის უწყვეტი აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს აპროტესტებენ.
“მოგესალმებით ჩემო უცნობო მეგობარო.
მე კარგად ვარ, იმედი მაქვს თქვენც კარგად ხართ. მხნედ ვარ, ძლიერად ვარ, მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის. მზად ვარ ყველაფრისთვის. ჩემი აქ ყოფნა სანერვიულო არ არის, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია, რომელიც უკვე დიდი საფრთხის წინაშეა ქოც ნახირის ხელში. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა ვიყოთ თანამონაწილეები ამ დანაშაულის. უნდა ვესაუბროთ იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით, არ აინტერესებთ და უპასუხისმგებლოდ უყურებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი შვილების მომავლის მკვლელობას. ეს დანაშაულია, ეს სამარცხვინოა. მოვა დრო როდესაც შერცხვებათ ყველას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს ან უმოქმედობით თანამონაწილეობს.
ვინც იბრძვის და ეწინააღმდეგება ამ უსამართლობას, ყველას მადლობა. ყველა მიყვარხართ, ყველა ღირსეულები ხართ, ყველა სამაგალითოები ხართ. ყველას მადლობა, რომ გვკითხულობთ და არ გავიწყდებით. ყველა მოიკითხეთ ჩემგან, გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N E-67 კამერა. თქვენი და ჩვენი ქვეყნის მონა მორჩილი მანუჩარ მიქელაძე, დაბადებული აჭარა, შუახევის რ/ნი სოფელი ბუთურაული.
ერთი და მთავარი სურვილი მაქვს, რომ ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე. ეს გამარჯვება იქნება ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის ისტორიული გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების საწინდარი, რითაც ყველა ვიამაყებთ ვისაც წვლილი გვექნება ამ ყველაფერში.
დაგემშვიდობებით. დროებით ჩემო ღირსეულო და პატრიოტიზმით აღსავსე ქართველო გოგო-ბიჭებო.
ჩემი თანასაკნელი სერგო ქიმერიძე გიცხადებთ სოლიდარობას და გკითხულობთ ყველას და გაძლევთ რჩევას მთავარი ის არ არის ვინ და რა სიძლიერისაა მოწინააღმდეგე, მთავარია ვინ არის შენი თანამებრძოლი. ამ და სხვა თემებზე ვრცლად შემდგომში მოგწერთ.
თქვენგან ველი წერილებს თუ არ დაგეზარებათ” – წერს მიქელაძე. მის წერილს მოქალაქე ქეთი შარტავა Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი – კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, 12-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთმა პირმა, მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, ამიტომ მას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა.
