საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 5 კილოგრამ „მეფედრონს“’, 2 კილოგრამ ,,ალფა პვპს“, ასევე სითხის სახით 41 ლიტრ ,,ალფა პვპს’’ და 5 ლიტრ „მეფედრონს“. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული სშუალებები ამოიღეს. ასევე ოთხივე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
