საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბრეტ რობინსონს შეხვდა. მხარეებმა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, საქართველოში რაგბის განვითარების საკითხები და სარაგბო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ირაკლი კობახიძე მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბრეტ რობინსონს შეხვდა.
“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან მრავალწლიან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვაც ადასტურებს. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა დაუდასტურა.
აღინიშნა, რომ რაგბი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტის სახეობაა და მისი შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო დონის სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაფინანსების მუდმივი ზრდა კი ქართული რაგბის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ისახავს მიზნად” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
