ორთვიანი დუმილის შემდეგ, ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელი სასამართლოში პირველად ალაპარაკდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 24 წლის თანამშრომელმა, გურამ კირკიტაძემ, სხდომათა დარბაზში „ფორმულას“ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა და მონანიება გამოხატა.
თუმცა თავად გურამ როგავას ეჭვი აქვს, რომ კირკიტაძე მასზე თავდასხმის უშუალო მონაწილე არ არის და შესაძლოა, რეალური დამნაშავის ნაცვლად პასუხისმგებლობა მას დააკისრეს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, 24 წლის სპეცრაზმელი სხვა საქმეზე უკვე დაკავებული იყო და ჟურნალისტზე თავდასხმის ბრალდება სწორედ მას შემდეგ წაუყენეს, რაც პატიმრობაში იმყოფებოდა.
სასამართლო პროცესზე პროკურატურას ვკითხეთ, როგორ დაადგინა გამოძიებამ, რომ ნიღბითა და სპეცეკიპირებით აღჭურვილი პირი სწორედ გურამ კირკიტაძე იყო.
დღევანდელ პროცესზე ბოდიში მხოლოდ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულმა სპეცრაზმელმა არ მოიხადა. განსასჯელის სკამიდან მონანიება გამოხატეს ზვიად მაისაშვილზე ძალადობაში ბრალდებულებმაც.
საზოგადოებას დღემდე ახსოვს თეონა ჭალიძის მიერ გადაღებული კადრები, რომლებშიც ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში ათამდე სპეცრაზმელი მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, გამოძიებას პასუხისგებაში მხოლოდ ორი პირი ჰყავს მიცემული.
