ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს. ვიდეომასალა, რომელსაც ბრალდების მხარე ამ დრომდე არ ასაჯაროებდა, „ტვ პირველის“ ხელში აღმოჩნდა.
საუბარია კადრებზე, რომლებსაც თავად პროკურატურა მტკიცებულებად იყენებდა. თუმცა ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ ერთსა და იმავე დროს ალეკო ელისაშვილი, ერთი ვერსიით, კვანტალიანის ქუჩაზე, სასამართლოდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით გადაადგილდებოდა, ხოლო მეორე ვერსიით, იმავე დროს სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა, სადაც, ბრალდების მიხედვით, არქივის დაწვას ცდილობდა.
სწორედ ამ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას ალეკო ელისაშვილის ადვოკატიც. ინტერესების დამცველის თქმით, პროკურატურის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და თავად ბრალდების ვერსიას ასუსტებს.
გამოძიება ჩქარობდა და დაუშვეს შეცდომები. ახლა აქ არის მარტივი აღმოსაჩენი მტკიცებულება, რომ ერთი და იგივე დროს ალექსანდრე ელისაშვილი იმყოფებოდა აგრეტე, მათივე მტკიცებით, კვანტალიანის ქუჩაზე, რომელიც 2 კმ-ით არის დაშორებული სასამართლოსგან და ამავე დროს ვიღაც პირი ცეცხლს აჩენს და ცეცხლს უკიდებს სასამართლოს შენობას. ანუ შეუძლებელია, რომ ადამიანი ერთდროულად მოქმედებებს ახორციელებდეს. ჩვენ ვნახეთ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც დიდი ასოებით იყო წაწერილი, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, თუმცა არავინ საუბრობდა იმ მთავარ მტკიცებულებაზე, ექსპერტის დასკვნაზე, რომელიც თვითონ პროკურატურამ ჩადო საქმეში, სადაც ექსპერტი ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერები უვარგისია პირის იდენტიფიცირებისთვის, – ამბობს ადვოკატი.
ამ ფონზე, ელისაშვილი თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრული საქმე შურისძიებაა. ისინი მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებენ და სწორედ მას უკავსირებენ აღნიშნულ საქმეს.
