საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ივნისის განჩინებით წარმოებაში არ მიიღო სარჩელი, რომელიც მეწარმეებს პოლიტიკური განცხადების გაკეთებას უკრძალავს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბიზნესის გასაჩუმებლად მიღებულ ცვლილებებს, კახა კუკავა ასაჩივრებდა, თუმცა სასამართლომ განაცხადა, რომ არგუმენტები არასაკმარისია და დროის და რესურსის დაზოგვის მიზნით სარჩელის განხილვას არ აპირებს.
კერძოდ სარჩელით სადავო იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153¹³ მუხლის სიტყვების „მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სიტყვის თავისუფლებასთან, ასევე პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლებასთან მიმართებით.
“თავისუფალი საქართველოს” ლიდერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააუქმოს აღნიშნული კანონი და გამოაცხადოს ანტიკონსტიტუციურად, წინააღმდეგ შემთვევაში, კუკავას შეფასებით, ეს “თვითლიკვიდაციას” უდრის.
“25 წელია საკონსტიტუციო სასამართლოში ათობით სარჩელი ამქვს შეტანილი და მოგებულიც და მსგავსი მიზეზით ადრე არასდროს არ დაუხარვეზებით, მაგრამ ამას ეშველება და დავუგრძელებთ სარჩელს. მთავრი არის ის, რომ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. როცა უკრძალავ, აჯარიმებ და ციხეში უშვებ – უნდა იცოდეს ზუსტად, რას ნიშნავს პოლიტიკური აქტივობა. მაშინ უნდა ჩაიწეროს განცხადების გაკეთება, მიტინგის მოწყობა – რავიცი ითვლება თუ არა პოლიტიკურ აქტივობად თანხის შეწირვა პოლიტიკური პარტიისთვის, არაფერი ეს არ არის და პოლიტიკურ აქტივობად რა ჩაითვლება თურმე უნდა გადაწყვიტოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ან ნინო ენუქიძემ. ეს არის აღმოსავლეთ დესპოტიის, ჩრდილოკორეისთვის დამახასიათებელი პროექტი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ იურიდიულ პირს ეკრძალება პოლიტიკური აქტივობა. მეტი არაფერი არ წერია ამ კანონში, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ რომ არ გააუქმოს ეს კანონი და არ გამოაცხადოს ანტიკონსტიტუციურად, ეს პრინციპში უდრის თვითლიკვიდაციას”, – აცხადებს კახა კუკავა.
