„ქართული ოცნება“ პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ბოლოდან აქტიურად იყენებს ისეთ სათვალთვალო ტექნოლოგიებს, რომელთა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობაზეც საია-მ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, – ამის შესახებ სახის ამომცნობი სათვალთვალო კამერების შესახებ Algorithmwatch-ის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც საია განცხადებაში წერს, Algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება დამატებით შეკითხვებს აჩენს მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება, მათი მახასიათებლების შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების ნაკლებობის პირობებში, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, ცალსახად პროტესტის ჩახშობას, შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის ადამიანების დასჯას და საზოგადოებაში მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება. ამ საკითხს ახალ სიმწვავეს სძენს Algorithmwatch-ის მიერ 2026 წლის 27 ივნისს გამოქვეყნებული გამოძიება, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს შეშფოთებას აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით და აჩენს ახალ შეკითხვებს მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე წელიწადზე მეტია საუბრობს საქართველოში შეკრებების წინააღმდეგ სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე, მათ შორის, სათვალთვალო კამერების სავარაუდო სახის ამომცნობი ფუნქციების პრობლემურობაზე.
ხაზი უნდა გაესვას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების არსებული პრაქტიკა მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევდა მანამდეც, სანამ რუსეთის უშიშროების სამსახურებთან ამ ტექნოლოგიების სავარაუდო კავშირის შესახებ გახდებოდა ცნობილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ 2025 წლის 10 თებერვალს მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გამოეკვლია და შეესწავლა კამერის მონაცემების გამოყენებისა და დამუშავების კანონიერება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ სათვალთვალო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების და საჯაროდ გავრცელებული ახალი ინფორმაციის შედეგად წარმოშობილი შეკითხვების ფონზე, დემონსტრანტთა დევნის და ტროტუარზე მშვიდობიანად დგომისთვის მათი დაკავების ნაცვლად, წესით, „სახელმწიფო ნაბიჯებს უნდა დგამდეს, მათ შორის, შსს უნდა აკეთებდეს განმარტებებს algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ”.
„Algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება კიდევ უფრო აღრმავებს ისედაც არსებულ შეშფოთებას მშვიდოებიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ მიზანმიმართული და არალეგიტიმური მეთვალყურეობის შესახებ. გარდა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა პერადი ცხოვრების უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების უხეში დარღვევისა, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიუთითებს ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში სენსიტიური ინფორმაციის მოხვედრის რისკზე”,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.
