„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ელენე ხოშტარიას, პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს პირადი ექიმი, მაკა იოსელიანი მოინახულებს.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე აცხადებს, დაწესებულებაში ექიმის ვიზიტის შემდეგ გადაწყდება ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები.
ამასთან, დღესვე, 11:00 საათზე, ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ბრიფინგს გამართავენ. მოგვიანებით კი დაწესებულებასთან ელენე ხოშტარიას მეგობრები და მხარდამჭერები გეგმავენ მისვლას.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ კი ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
