რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა რთულ პერიოდს გადის, თუმცა ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა.
„ჩვენ რთულ ეტაპს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი რამე გვასწავლა. მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა თვითონ ცნება – „რუსეთის მოქალაქე“, – განაცხადა პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე.
მისი თქმით, რუსეთი ყველა გამოწვევას გაუმკლავდება, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებსაც.
„ჩვენი წამყვანი პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობა ჩვენი ქვეყნისთვის რთულ, შეიძლება ითქვას, საბედისწერო დროს იმართება: მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური სისტემური ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს და ამიტომ ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა.
„კიევის რეჟიმი მთელ ფრონტის ხაზზე უკან იხევს და ამიტომ გადავიდა ღიად ტერორისტულ ქმედებებზე. სხვა რა შეიძლება, ვუწოდოთ მიზანმიმართულ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე?“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელია.
„რუსეთი განიცდის უხეშ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ზეწოლას დასავლური ელიტების მხრიდან. მათ სურდათ ჩვენი სტრატეგიული დამარცხება, ჩვენი ბრძოლაში დამარცხება, თუმცა არ გამოუვიდათ. ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას, შიდა დაპირისპირების გამოწვევას – ესეც არ გამოსდით“, – განაცხადა პუტინმა.
