რუსთავის ქალთა ციხესთან, მსჯავრდებული აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ნანა სანდერს, რომლის თქმით, „ციხეში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია“.
მეგობრების განცხადებით, ნანა სანდერის მიმართ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა. მათ დღეს ციხესთან მიიტანეს საპროტესტო პლაკატები და სანდერის გათავისუფლება მოითხოვეს.
„ჩემთვის, როგორც მისი მეგობრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ნანას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, რომ მხნედ იყოს და ელემენტარული პირობები ჰქონდეს, რადგან ის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია. მის მიმართ დადგა ძალიან მკაცრი, არასამართლიანი განაჩენი. მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ მას“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე კი აღნიშნავს, რომ ნანა სანდერი პირველი ემიგრანტი ქალია, რომელიც ხელისუფლებას ტყვეობაში ჰყავს.
„ნანა სანდერი 16 წელი იყო ემიგრაციაში და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო, ახლა არის გამოკეტილი საკანში. გვინდა იცოდეს, რომ ციხის გარეთ ვინც ვართ, ის ადამიანები, მის გვერდით ვართ. აქ მოვედით, რომ გავამხნეოთ, მხარი დავუჭიროთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ემიგრაციაში მყოფი ქართველებიც და პროტესტში ჩართული ადამიანებიც აქტიურად გავაგრძელებთ ბრძოლას მისი თავისუფლებისთვის. გვინდა, რომ მისი ხმა კიდევ უფრო მეტად ისმოდეს“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
ცნობისთვის, ნანა სანდერი 4 ოქტომბრის საქმეზე დამნაშავედ ცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
