საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ნორვეგიის უმსხვილესმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ოპერირება დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოპენჰაგენიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც ისტორიაში პირველად, საქართველოსა და დანიის სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამოქმედდა.
„პირველი რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა და ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. რაც პირველი რეისისთვის ძალიან მაღალი დატვირთვის მაჩვენებელია.
Norwegian კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებაზე რეისებს კვირაში ორჯერ ასრულებს და ქართველ მგზავრებს ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავიაჰაბთან პირდაპირ წვდომას სთავაზობს.
ახალი მიმართულების ამოქმედება საქართველოს ავიაციის სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და Norwegian-ის ერთწლიანი პროაქტიული მოლაპარაკებების შედეგად, თბილისი სკანდინავიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის ქსელში ოფიციალურად შევიდა, რაც როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესმიმოსვლის ზრდას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები არასდროს არსებობდა. დანიის დედაქალაქთან პირდაპირი კავშირი საქართველოს დედაქალაქისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობაა.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Norwegian-ის შემოსვლა ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს და საქართველოს სკანდინავიელი ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომ მიმართულებად აქცევს.
Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და დღეს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. მგზავრთა გადაყვანის მოცულობით ის ევროპაში მეოთხე უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან გადამზიდავად მიიჩნევა, ხოლო 2021 წელს Skytrax-ის მიერ ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
