ელენე ხოშტარიას ორშაბათს ციხეში მისი მკურნალი ექიმი, მაკა იოსელიანი მოინახულებს – ამის შესახებ დაპატიმრებული ქალი პოლიტიკოსის ექიმის და ანი ქავთარაძის პენიტენციური სამსახურის დირექტორთან, გიორგი პატარიძესთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ანი ქავთარაძემ მედიასთან განაცხადა, ორშაბათს, ექიმის მიერ ხოშტარიას მონახულების შემდეგ, დამატებითი შეხვედრა გაიმართება პენიტენციურში და ამის შემდეგ გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა “დროას” ლიდერს კვლევებზე სამოქალაქო კლინიკაში.
“შეხვედრაზე იყო ძალიან დეტალური განხილვა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან, ძალიან დეტალური, მრავლისმომცველი, სადაც ჩვენ მას წარვიდგინეთ არაერთი არგუმენტი და ჩვენთვის ობიექტური მოცემულობა, მათ შორის, ელენეს წარსული ისტორია, ანამნეზი, 2024 წლის მისი თურქეთში ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, გავიარეთ ეს თითოეული დეტალი და საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ორშაბათს დილით, ქალბატონი მაკა კვლავ მოინახულებს ელენეს ციხეში და შემდგომ, 14:00 საათზე, აქვე [პენიტენციურ სამსახურში] შედგება უფრო გაფართოებული შეხვედრა, მათი მხრიდან წარმომადგენლები იქნებიან, სადაც ჩვენ მოვიტანთ დოკუმენტაციას აუცილებლად.
მე იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება აზრი, ამ შენობაში, მის ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით”. – განაცხადა ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, პარტია „დროამ“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მისი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანაა საჭირო. პარტიის განცხადებით, რევმატოლოგის შეფასებით, დაავადება პროგრესირებს, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია.
