ორი მძიმე ბრალდება ერთი კვირის განმავლობაში. პირველი სამშობიარო კლინიკა ისევ დაპირისპირების ეპიცენტრია. კლინიკის ექიმებს ამჯერად 32 წლის სიმა კულიევას ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მანიპულაციის ჩასატარებლად კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა მცირე ქირურგიული ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ კომაში ჩავარდა.
ახალგაზრდა ქალის ოჯახს ამტკიცებს, რომ პაციენტი ექიმების დაუდევრობის მსხვერპლია. მათი მტკიცებით, ოპერაცია იმ ექიმმა ჩაუტარა, რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა. ოჯახი პასუხების მისაღებად დღეს კლინიკის ხელმძღვანელთან მივიდა, ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა რომ პოლიცია გამოიძახეს.
რა გახდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი, ეს ჯანდაცვის სამინისტრომ რეგულირების სააგენტომ და გამოძიებამ უნდა დაადგინონ, თუმცა პაციენტის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ოპერაციის შემდეგ ქალს სეფსისი განუვითარდა, რის გამოც კომაში ჩავარდა. პაციენტის ოჯახის წევრები კლინიკის ხელმძღვანელს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ რეანიმაციაში მყოფი ქალის სხვა კლინიკაში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა. რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო, მძიმე პაციენტი კლინიკა ჰელსიკორში მოათავსა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პირველ სამშობიარო კლინიკას პაციენტების ოჯახები მძიმე ბრალდებებს უყენებენ. რამდენიმე დღის წინ, 6-თვიანი კომის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი ნინო მუჯირი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მუჯირის ოჯახის წევრებიც ამტკიცებენ, რომ ოპერაცია ექიმმა ეკატერინე გაგუამ ჩაუტარა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.
