თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამყვანისთვის ემზადება. თვითმფრინავების გამზადების პროცესი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.
თბილისიდან ორი საჰაერო ხომალდი დღეს გაფრინდება. ყველა ჩამოფრენილი მგზავრი სავალდებულო შემოწმებას, შემდეგ კი 14-დღიან კარანტინს გაივლის.
„მიღებული იყო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ იმ მოქალაქეების, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ ბილეთები ნაყიდი ან დაჯავშნილი საქართველოს მიმართულებაზე, ტრანსპორტირებას მოახდენს საქართველოს მთავრობა. დღეს სტანდარტული შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგებთან საავიაციო სამსახურებიდან. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი უახლოესი გეგმები, მათ შორის დავათვალიერეთ თვითმფრინავების მზადების პროცესიც. უახლოეს პერიოდში მოხდება მათი ტრანსპორტირება. საქართველოს საელჩო არის მუდმივ კონტაქტზე ამ ადამიანებთან. ყველა მგზავრისთვის მიწოდებულია ინსტრუქცია, თუ სად უნდა გამოცხადდნენ და როგორ მოხდება მათი თვითმფრინავებში განთავსება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრებას, რომელეთაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, მთავრობა უზრუნველყოფს. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართველები რომში შეიკრიბებიან საიდანაც სამშობლოში, უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.