რუსეთმა სომხეთიდან თევზის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები გააფართოვა და კიდევ ორი სომხური კომპანიის პროდუქციის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა იქამდე, ვიდრე ისინი ადრე გამოვლენილ დარღვევებს არ გამოასწორებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „როსსელხოზნადზორზე“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახური) დაყრდნობით ავრცელებს.
ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზეულის მიწოდება შეჩერებულია.
უწყებაში განმარტავენ, რომ „როსსელხოზნადზორმა“ ადრე სომხურ მხარეს ყველა თევზის პროდუქტის სერტიფიცირების დროებით შეჩერება მოსთხოვა, გარდა შემოწმებაში უშუალოდ ჩართული კომპანიებისა – შპს „მფ ექსპორტი“ და შპს „ინვესტ პლუსი“. ამ კომპანიებისთვის კი მკაცრი ლაბორატორიული მონიტორინგის რეჟიმი შემოიღეს.
„შემდგომში, მასალების ანალიზის შემდეგ, მომზადდა წინასწარი ანგარიში და მიღებულია გადაწყვეტილება ამ კომპანიების პროდუქციის სერტიფიცირების დროებით შეჩერების შესახებ, სანამ გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორდება და საჭირო დამადასტურებელ მასალებს არ წარმოადგენენ“, – აცხადებენ „როსსელხოზნადზორში“.
მათი მტკიცებით, უწყება სომხურ მხარესთან თანამშრომლობს რუსეთის ბაზარზე გასატანი თევზისა და თევზის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
