კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) TV პირველი 2 500 ლარით დააჯარიმა.
მედიაჩეკერის ინფორმაციით, ტელეკომპანია ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის დააჯარიმეს, როგორიცაა: “სინდისის პატიმრები”, “ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები”, “ოცნების გამოძიების”, “ოლიგარქი”, “სინდისისა და პოლიტპატიმრების”, “სინდისის პატიმრებს”, “არარსებული დანაშაული”, “რას ამბობენ ქართული ოცნების რიგითი წევრები ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც ყველაფერი ისე მოხდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს თუ პოლიტიკურ ტყვეებს, ამას ის გააკეთებს” და ა.შ.
ComCom-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ფრაზები “გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების ან ჟურნალისტების მხრიდან და გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები”.
“კომისიამ მაუწყებლის მონიტორინგი 11 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 11:00, 15:00 და 20:00 საათიან “პირველებში” კანონის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, TV პირველის ეთერში აღნიშნულ საინფორმაციო პროგრამებში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე მოხდა.
მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
კომისიამ დაადგინა, რომ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების ან ჟურნალისტების მხრიდან და გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. კანონის შესაბამისად, მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევებში კი მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კანონდარღვევის გამო, მაუწყებლის მიმართ სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება მიმდინარე წელს უკვე გამოყენებულია და ტელეკომპანიამ დარღვევა განმეორებით ჩაიდინა, კომუნიკაციების კომისიამ “ტვ პირველი” კანონით გათვალისწინებული მინიმალური სანქციით – 2 500 ლარით დააჯარიმა”. – წერს ComCom.
აქამდე, კომუნიკაციების კომისიამ TV ფორმულაც დააჯარიმა მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, “რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება”.
კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ მაგალითად, ფრაზების: “ოცნების სუსი”, “ივანიშვილის ხელისუფლება”, “პროსამთავრობო რუსთავი 2”, “რეჟიმის სასამართლო” და სხვ. გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია.
