“ტელეკომპანია იმედს და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, მათ სასამართლოში ვუჩივლებთ” – წერს სოციალურ ქსელში youtube არხი “ოქტოპუსი”.
„ოქტოპუსი“ აცხადებს, რომ გადაცემა „გაცოცხლებულში“ გაჟღერებული ხუმრობა შავი იუმორის ნაწილი იყო და არა ონკოპაციენტების შეურაცხყოფა, რის გამოც ბოდიშს იხდის, „იმედს“ და გია აბაშიძეს მოუწოდებს ცილისწამების უარყოფისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში აპირებენ ჩივილს.
“გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი გადაცემა “გაცოცხლებულიდან” გაჟღერებულ ხუმრობას, სადაც იუმორისტულ თემებს აგზავნის მაყურებელი და ჩვენ იმპროვიზირებულად ვხუმრობთ. თემაზე “ზღაპრები რომ ცუდად მთავრდებოდეს” ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ გამოგონილ პერსონაჟ რაპუნცელზე იხუმრა, რომ მას თმა ლეიკემიის გამო არ აქვს, რაც იყო შავი ხუმრობა, რომელიც არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას, თუმცა გვესმის რომ ეს ხუმრობა ადამიანებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მტკივნეული და გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ. ონკოპაციენტები ჩვენც გვყოლია ოჯახში, სანათესაოშიც და ჩვენთვისაც ეს თემა სენსიტიურია, უბრალოდ ვცადეთ იუმორით შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის და სხვა განზრახვა მიზნად არ გვქონია.
აქვე განვმარტავთ რომ არცერთი ჩვენი სპონსორი და წარმდგენი შინაარსობრივ მხარეში მონაწილეობას არ იღებს და პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს ოქტოპუსის გუნდი, რადგან ჩვენ სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს მეგობრებო.
რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, რომ თითქოს ეს ხუმრობა მიმართული იყო ლეიკემიანი ბავშვების დაცინვისკენ, მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა რომ მათ სასამართლოში ვუჩივლოთ. ეს ცილისწამებაც ბოლო დღეებში აგორებული შავი პიარის ნაწილია, რაც განზრახ ისახავს ჩვენთვის რეპუტაციული ზიანის მოყენებას” – წერს სოციალურ ქსელში youtube არხი “ოქტოპუსი/octopus”.
