შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე პლენარულ სხდომაზე განმარტავს რა შემთხვევაში შეუწყდებათ უცხოელ სტუდენტებს სასწავლო ბინადრობის უფლება.
დარახველიძის თქმით, შემოდის ენის ბარიერის შემოწმების დამატებითი კომპონენტი – კერძოდ, შემოდის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს მთავრობა დაადგენს უცხო ენის სერტიფიკატების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისოდ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, გამოცდების ეროვნულ ცენტრს საშუალება ექნება თავად დააორგანიზოს უცხო ენის გამოცდა და მას შემდეგ, რაც უცხოელი დაადასტურებს ენის ცოდნის კომპეტენციას, უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხება.
„რაც შეეხება სასწავლო ბინადრობას – აქაც სერიოზული გამოწვევები არსებობს. 100-ზე მეტი რეიდი და 10 000-ზე მეტი უცხოელი გადაამოწმა მიგრაციის დეპარტამენტმა მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევიდა (საუბარია 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდგომ პერიოდზე). ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი, რომელიც სარგებლობდა სტუდენტური ბინადრობით, ჩვენ გადავამოწმეთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქუჩაში და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიკვეთა, რომელიც არ სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში და ბინადრობით სარგებლობდა. შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი და მაინც ფლობდა ბინადრობას ან საერთოდ საკომუნიკაციო ელემენტარული ენის ცოდნის კომპონენტს ვერ აკმაყოფილებდა.
განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვიმუშავეთ, წარვადგინეთ კონკრეტული მექანიზმი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ რისკებს მნიშვნელოვნად დააზღვევს. კერძოდ, პირველ რიგში, შემოდის ენის ბარიერის შემოწმების დამატებითი კომპონენტი. დღეს მოქმედი რედაქციით ენის შემოწმებას ახდენს მხოლოდ უნივერსიტეტი და კონტროლის გარე მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ შემოდის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს მთავრობა დაადგენს უცხო ენის სერტიფიკატების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისოდ. გარდა ამისა, გამოცდების ეროვნულ ცენტრს საშუალება ექნება, თავად დააორგანიზოს უცხო ენის გამოცდა და მას შემდეგ, რაც დაადასტურებს უცხოელი ენის ცოდნის კომპეტენციას, ამის შემდეგ ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ამასთან, დარახველიძემ იმისთვის, რომ „ბოროტად არ იქნეს გამოყენებული უმაღლესში ჩარიცხვა ბინადრობის უფლების მისაღებად“, საპარლამენტო დეპუტატებს შესთავაზა ვერსია, რომ გაიწეროს სწავლის ვალდებულება – კერძოდ, თუკი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 20 კრედიტს არ დააგროვებს, სტუდენტი ბინადრობის უფლებას დაკარგავს.
„გარდა ამისა, იმისთვის, რომ ბოროტად არ იქნეს გამოყენებული უმაღლესში ჩარიცხვა ბინადრობის უფლების მისაღებად, გთავაზობთ ვერსიას, რომ გაიწეროს სწავლის ვალდებულება. კერძოდ, თუკი ერთი სასწავლო წლის მანძილზე კრედიტების მინიმუმ მესამედს, ანუ მინიმუმ 20 კრედიტს არ დააგროვებს სტუდენტი, დაკარგავს ბინადრობის უფლებას.
ასევე, შემოთავაზებული ვერსიის თანახმად, თუკი 90 დღე და მეტი შეიჩერებს სტუდენტი სტატუსს, ესეც გათვალისწინებული იქნება, როგორც ბინადრობის შეწყვეტის საფუძველი ან 183 დღე და მეტი არასაპატიო მიზეზით დატოვებს ქვეყანას, ამ შემთხვევაშიც შეუწყდება სასწავლო ბინადრობა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, აღნიშნული პროცესის სათანადო კონტროლისთვის კანონით ჩნდება ვალდებულება, შეიქმნას ერთიანი საინფორმაციო ელექტრონული ბაზა, სადაც თითოეული უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის და სწავლის საკითხები იქნება ასახული და შესაბამის სამსახურებს მონიტორინგის საშუალება ექნებათ.
„იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ასევე, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი სტუდენტი ირიცხებოდა ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და სასწავლო ბინადრობის მიღების შემდეგ ითხოვდა ოჯახის გაერთიანებას და მასთან ერთად ქვეყანაში მისი ოჯახის წევრები შემოდიოდნენ, ამიტომ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა რომ მხოლოდ სრულწლოვან პირზე გაიცემა სასწავლო ბინადრობა. რაც შეეხება არასრულწლოვან პირებს, შემოდის სპეციალური, ახალი D6 კატეგორიის ვიზა, რაც სასწავლო მიზნებისთვის ერთი წლის ვადით გაიცემა. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც სასერტიფიკატო კურსზე ხდებოდა უცხოელების ჩარიცხვა და ესეც ბინადრობის გაცემის საფუძველი იყო და ესეც გაიწერა, რომ მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლესს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება მოხდეს უცხოელის ჩარიცხვა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
